RSS

აშელის ეპოქა და საქართველო

08 Aug

პალეოლითი (ძველი ქვის ხანა) იყოფა სამ ძირითად ეპოქად. ესენია: ქვედა პალეოლითი (2,5 მლნ-300 0000), შუა პალეოლითი (300-40000) და ზედა პალეოლითი (40-10000). თითოეული ეპოქის შიგნით გამოიყოფა რამდენიმე კულტურა, რომლებიც, თავის მხრივ, გარკვეულ პერიოდებთან და რეგიონებთან არიან დაკავშირებულნი.

აშელი ეწოდება არქეოლოგიურ ინდუსტრიას, რომელიც მიეკუთვნება ადრეულ ადამიანებს, ძირითადად ჰომო ერექტუსებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქვედა პალეოლითის ეპოქაში. აშელის ქრონოლოგია 1 მლნ წლის წინ (დაახლოებით 1,5-1,2 მლნ წწ) იწყება და მთავრდება დაახლოებით 100000 წლის წინ, თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ეს ეპოქა სხვადასხვა პერიოდს მოიცავს. ის გავრცელდა აფრიკიდან ჩრდილოეთით, დასავლეთ აზიასა და ევროპაში.

ინდუსტრიას სახელი ეწოდა ჩრდ. საფრანგეთში, ქ. ამიენთან, სოფლის კომუნა სენტ-აშელის გამო, რომლის მახლობლად პირველად იქნა დადგენილი ეს ინდუსტრია XIX-ში.

აშელისთვის დამახასიათებელია ქვის უხეშად დამუშავება. ამ ეპოქას მიეკუთვნება ისეთი ტექნოლოგია, როგორიცაა კლექტონი და რომელიც ხასიათდება მასიური, გლუვ დარტყმის მოედნიანი ანატკეცებითა და ნამზადებით. ამას გარდა, ამავე ეპოქაში იღებს სათავეს ქვის დამუშავების ისეთი დახვეწილი ტექნიკა, როგორიცაა ლევალუა. ეს ტექნოლოგია გულისხმობს ნუკლეუსზე წინასწარ განზრახული ფორმის დამუშავებას და მიღებას სპეციალური მეთოდებით. აშელის ეპოქაში გავრცელდა ისეთი იარაღების დამზადების ტექნოლოგია, როგორიცაა ორმხრივ დამუშავებული იარაღები, ბიფასები, კლივერები და სხვ. ხელცული (ბიფასი) უნივერსალური იარაღია, რომელიც გამოიყენებოდა მრავალი მიზნით, საჩეხად, ხის, ტყავის საჭრელად და სხვ.

აშელში ცნობილია უბიფასო და ბიფასებიანი აშელი. უბიფასო აშელი, კლექტონური ტიპის ინდუსტრია, აღმოჩენილია კახეთში, ადგ. ზიარში. სამწუხაროდ, ეს ძეგლი ჯერ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და ზუსტი თარიღებიც არ გვაქვს.

ბიფასებიანი აშელი დამახასიათებელია სამხრეთ საქართველოსთვის (ჯავახეთის ზეგანზე), ხოლო დას. საქართველოში აშელური მასალით მდიდარი მრავალი პუნქტია დადასტურებული. ეს მასალა მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და არ არის სრულფასოვანი არქეოლოგიური ძეგლები, რომელთა შესწავლა მოგვცემდა სრულყოფილ ინფორმაციას ამ ეპოქის შესახებ.

საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი აშელური ძეგლია სტრატიფიცირებული და, შესაბამისად, მაღალი მეცნიერული ღირებულიების მატარებელი. ეს ძეგლებია წონას მღვიმე, კუდარო I და კუდარო III. ეს მღვიმეები მდებარეობს შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ჯავის რ-ში და დღეს იქ მუშაობა შეუძლებელია, თუმცა, ეს ძეგლები საკმაოდ კარგად ისწავლებოდა და გვაქვს გარკვეული თარიღები, ასევე მოსაზრებები მათ ასაკთან დაკავშირებით (1 მლნ-350000წწ).

აშელური სადგომები დადგენილია დას. საქართველოშიც, კერძოდ, ზემო იმერეთის პლატოზე. ეს არის კლექტონური ინდუსტრია, თუმცა, აქ აღმოჩენილია რამდენიმე ხელცული. მათგან ერთი კლასიკური ფორმისაა.

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში ხელცულები მეტად მწირი რაოდენობითაა წარმოდგენილი.

სამეგრელო, კოლხეთის დაბლობი და მთისწინა ზოლიც თითქმის შეუსწავლელია ძველი ქვის ხანის კუთხით. გარკვეული მასალა მხოლოდ შემთხვევითი აღმოჩენების საფუძველზეა შეკრებილი. ეს მასალა ინახება მარტვილის მუზეუმში. მუზეუმში ვიზიტისას და კოლექციების მოწესრიგების დროს, რაც განხორციელდა ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიერ, აღმოვაჩინეთ ფონდში დაცული ჩვენთვის მეტად საინტერესო ნივთი. ეს არის ორი ცალი აშელური ხელცული (სავარაუდოდ, შუა ან ფინალური აშელური ეპოქის), რამდენიმე შუა პალეოლითური ლევალუაზური ლამელა და ერთი წაგრძელებული უნიპოლარული, რეტუშირებული ლამელა. ეს უკანასკნელი ტიპოლოგიურად მიეკუთვნება ადრეულ შუა პალეოლითს (300-130000 წწ). მსგავსი ნივთები დადასტურებულია ე.წ. ჯრუჭულა-კუდაროს კულტურის ძეგლებზე. ამ ძეგლებიდან ჯრუჭულის მღვიმე დათარიღებულია საფრანგეთის ლაბორატორიებში და დასტურდება მისი ზემოთ მოტანილი არქაული თარიღი.

ის, რომ სამეგრელოს რეგიონში პირველად დადასტურდა აშელური და ადრეული შუა პალეოლითური ნივთების არსებობის ფაქტი, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია თავად არქეოლოგიური, დაუზიანებელი, სტრატიფიცირებული ძეგლის მოძიებაც. ის ფაქტი, რომ ეს რეგიონი თითქმის შეუსწავლელია ამ თვალსაზრისით, ახალი ძეგლების აღმოჩენის დიდ იმედს გვისახავს.

მუზეუმში დაცულია რამდენიმე მღვიმეში მოპოვებული არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს მრავალფენიანი ძეგლები, სადაც წარმოდგენილია პალეოლითი, ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა და შუა საუკუნეები. ეს ძეგლებია ჯორწყუ, დოშაყე, ბალდა და სხვ.

დღეისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა კვლევა საშუალებას მოგვცემს, თვალი გგავადევნოთ ადამიანის, კულტურისა და პალეოგარემოს განვითარებას უზარმაზარი ეპოქის განმავლობაში.

მთლიანად რეგიონი მეტად მდიდარი ჩანს არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური კუთხით და აქვს დიდი პოტენციალი როგორც ამ მიმართებით, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.

წყარო:

 

Tags: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: